Monday, July 22, 2013

თუ რატო დავდივარ მთაში

ხშირად მეკითხებიან და უკვირთ, რატომ დავდივარ უზარმაზარ ზურგჩანთა მოკიდებული "ტყე–ღრეში" და რა სიამოვნებას ვიღებ ამისგან, რატომ "დავწანწალებ" და რატომ ვერ დავეტევი სახლში.
იმიტომ რომ:
თვალს ვაამო...
გარემო შევიცვალო ...
გავერიდო ყოველდღიურობას...
გავიცნო ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი . . . რომლებთანაც საერთო მხოლოდ ჯერ–ჯერობით ჩამოთვლილი სამი სურვილი მაქვს, შემდეგ გაბევრდება, თანაც ძალიან . . . 
ვისუნთქო ბევრი, ისე გემრიელი ჰაერი, რომ მისი უკან ამოსუნთქვა დამენანოს . . .
ცას და მიწას თვალებში ჩავხედო და იქ ის ვიპოვნო, რასაც სხვაგან ვერსად ვნახავ . . .
ვუსმინო ფოთლების შრიალს... ჩიტების ჟრიამულს . . . მდინარის ხმას . . . წვიმის წკარუნს . . .
დავიძინო იმგვარი სიმშვიდით, როგორითაც ჩახუთულ ოთახში ვერასოდეს დავიძინებ... მერე რა, რომ ვის გვერდზეც მძინავს, იმ დღეს პირველად ვნახე . . .
ისეთი ცა ვნახო, რომელზეც ვარსკვლავები ერთმანეთს ადგილს ემუდარებიან, მეც ჩამატიეთ, ახლა მე გავანათებო . . . ისეთი, ხელს რომ ავაწვდენ და მგონია, საცაა შევეხები . . . სულ არაფერია, საშინლად რომ იყინები . . . მე ამ დროს სული მითბება . . .
წყალი დავლიო, ყველგან სხვადასხვა გემოსი და ყველა გემრიელი, სუფთა, კამკამა . . .
ვიარო, ბევრი ვიარო . . . მიზანი დავისახო . . . მივაღწიო . . . ან ვერ მივაღწიო, მაგრამ მაინც ბედნიერად ვიგრძნო თავი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გზა გავიარე და სადაც აქამდე ფეხი არ დამიდგამს, იქ დავადგი, ჩენთვის უცნობ ადგილას . . .
ბევრი ბევრი სიარულისგან მისავათებული სველ ბალახებში ჩავეშვა და თავსხმა წვიმის ქვეშ წყლის უკანასკნელი მარაგით ყველაზე გემრიელი ცხელი სასმელი დავლიო, რომელიც ორი ყლუპი თუ შეგხვდებაა, მაგრამ მთელს სხეულს რომ მოეფინება და სითბოს ჩაღვრის, ისეთი . . .
ციცაბო ფერდობზე მუცლით გართხმულმა ქვები ვაკავო ფეხთ ქვეშ, ა დ ა მ ი ა ნ ი რომ არ შეშინდეს და დაზარალდეს, იმიტომ . . .
ნაშალ ფერდობზე ძალაგამოცლილს ბოლო წამებზე „ ვიღაც“ მაგრად მწვდეს და ჩავარდნის და დასახიჩრებისგან, შესაძლოა სიკვდილისგანაც გამომაგლიჯოს . . . ის განცდა დამეუფლოს, რომელიც მხოლოდ ასეთ სიტუაციაში ა დ ა მ ი ა ნ ი ს თვალებში ჩახედვისას ჩნდება. . . მადლიერების, კმაყოფილების, რომ ის ადამიანი იმ წუთას იქ აღმოჩნდა . . .
სიარულისგან ღონემიხდილს წვიმაში გარეთ მეძინოს, იმ იმედით, რომ გვერდზე მჯდომი სითბოს გამინაწილებს და არ შემცივდება. . .
ის გემრიელი ლუკმა, ბოლო რომ ქვია, სხვას გავუზიარო, სხვამ გამიზიაროს და სწორედ ამიტომ იყოს ასეთი გემრიელი . . .
ის ბედნიერი წამი ვიგრძნო, რომ გათენდება და ყველაფერი კარგადაა...
ნამდვილი სიცილით გავიცინო, არა ნაძალადევი, ისტერიული . . .
ისეთი რამეები ვისწავლო, მხოლოდ ბუნება რომ მასწავლის . . .
მიწას, ბალახს, ჰაერს, ცას, მდინარეს, ხეს, ფოთოლს შევეხო და მათგან მიღებული ენერგიით დავიმუხტო. . .
სხვაზე ვიზრუნო, შენზე იზრუნონ, უანგაროდ, სუფთად, ძალდაუტნებლად. . .
ისეთი რომ გავიცნო ადამიანი, როგორიც სინამდვილეშია. . . მე თუ მკითხავთ, ეს ისე კარგად არსადაა შესაძლებელელი, როგორც მთაში, ტყეში, ღრეში, ტალახში, წვიმაში, თაკარა მზეში ბოდიალისას . . . ბუნებასთან ახლოს შენს სინამდვილეს ვერ მალავ, ისეთ ხარ, როგორიც ხარ და მორჩა, გათავდა, იმის იქით ვეღარ მიდიხარ. არც გაქვს სურვილი, ოყო განსხვავებული საკუთარი თავისაგან, რაღაც დამალო, არ გამოაჩინო. სწორედ ამიტომ არიან ლაშქრობაში გაჩენილი მეგობრები ძალიან ძვირფასები, შენები . . .
ქვვებიდან ქვეშქვეშად მომზირალი ყვავილები რომ ჩავიკრა გულში, იმიტომ უნდა ვიარო. . .
ღრუბლებს რომ მოვექცე ზემოდან ... უშველებელ იალაღებს რომ გავხედო . . .
თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა რომ ვიგრძნო, იმიტომ . . .

ავტორი: მარიამოოოო, მაპატიებს ალბათ ავტორი მარა ეს უნდა დამედო ძაან კარგად აქვს დაწერილი. ვეძებდი სიტყვებს თუ როგორ ამეხწერა და აი მშვენი ახნა ვნახე ჩვენი hiking-ის.

No comments:

Post a Comment